„თუშეთობა 2012“ 7 – 8 ივლისს გაიმართება

„თუშეთობა 2012“ 7 – 8 ივლისს გაიმართება

სახალხო დღესასწაული „მეცხვარის დღე“ ანუ ფესტივალი „თუშეთობა 2012“ წელს 7-8 ივლისს, თუშეთში, სოფელ ომალოში, კესელოს ციხესთან გაიმართება. ფესტივალი 7ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან აცნობეს, ახმეტის მუნუციპალიტეტის გამგეობის და საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართება ჯომარდობა და გათამაშდება თუშეთის თასი. მოეწყობა შეჯიბრი თუშურ ტრადიციულ თამაშობებში ისრის სროლაში, სირბილში, ჯვალოს ტომრების ტარებაში, ბაგირის გადაძალვაში, ჯრაქვაობაში, გაგლეჯილაში და ნაბადზე ხტომაში. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან. დღის ბოლოს გაიმართება „ცეცხლოვანი შოუ“ და ჯგუფ  „მგზავრების“ კონცერტი.

8 ივლისს გაიმართება მწყემსების დასაჩუქრება; ხალხური რეწვის ნიმუშების და ტრადიციული ყოფა-ცხოვრების ამსახველი ძველებური ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების „კესელოს“, „ცხრაკარას“, „ბახტრიონის“ და „თუშეთის“ მონაწილეობით.

შეჯიბრი ჩატარდება მშვილდოსნობასა და დოღშიც.

ხალხური რეწვის ოსტატები ვიზიტორებს აჩვენებენ და ასწავლიან ქსოვას, ჩეჩვას, ქარგვას, მატყლის დართვას, გობელინისა და თექის დამზადებას, აგრეთვე თიხის მოხატვის და მაკრამეს კეთების პროცესს. სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში, სტუმრებს ექნებათ საშუალება ნახონ და მიიღონ მონაწილეობა თუშური გარმონისა და სიმღერის ფონზე ხინკლის მოხვევისა და თუშური ყველის ამოყვანის პროცესში, ცხვრის დაკვლასა და გატყავებაში. აქ ისინი დააგემოვნებენ თუშურ ლუდს, ხინკალს, მწვადს, გუდის ყველს და კახურ შოთებს.

კონცერტს გამართავს ლატვიის ლიგატნეს მხარის ფოლკლორული ცეკვების ანსამბლი „ზეპერი“. საღამო დასრულდება კოცონთან, მომღერლების კონცერტით.  წყარო

4-07-2012, 06:52 რეგიონი