გარყვნილების პროპაგანდა თუ რეალობის აღწერა
3507

გარყვნილების პროპაგანდა თუ რეალობის აღწერა "ჩემი ცოლის დაქალებში"

კინოეკრანებზე ჯერ კიდევ ფილმის - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" (რომელშიც რეჟისორმა გვაჩვენა, თუ როგორია ქართული "ტრადიციული" ქორწილი) გამოსვლის მერე, საზოგადოების ნაწილი გაღიზიანდა. ამბობდნენ, - ფილმში მოთხრობილი სამარცხვინო ამბები "ღრმა" სოფლებშიც აღარ ხდებაო... გარდა ამისა, ინტერნეტში ფილმის წარმომადგენლების მისამართით წერდნენ: ისიც არ იციან, რომ მარხვის დროს წყვილები ჯვარს არ იწერენ - ქორწილში მოძღვარს ხორცი რატომ არ უნდა ეჭამა და ბოლოკად გაესაღებინაო?!. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მიმართ უკმაყოფილო და გულდაწყვეტილი ტელემაყურებლების ბრალდებები არ წყდება: ხალხი მიიჩნევს, რომ სერიალის მესვეურები ქართულ ტრადიციებსა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას აბუჩად იგდებენ (თუ რომელიმე პერსონაჟი ქართულ ტრადიციას იცავს, ის აუცილებლად ე.წ. "ღიპიანი "გრუზინია"), გარკვეული საკითხების (მაგალითად - ჰომოსექსუალიზმის) პროპაგანდას ახდენენ და ა. შ. გადავწყვიტეთ, ყველაფერ ამაზე სერიალის სცენარისტთან - ქალბატონ ქეთი დევდარიანთან გვესაუბრა და ისიც გაგვერკვია - ამა თუ იმ საკითხზე, თავად როგორი პოზიცია აქვს?
ბოლო დროს, ინფორმაცია გავრცელდა, რომ "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" "ჩემი ცოლის დაქალებს" თამბაქოს პროპაგანდაში ადანაშაულებს. ბრალმდებლის განმარტებით, "ფორმულა კრეატივი" თამბაქოს მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიასთან "გარიგებაში შევიდა". ქალბატონ ქეთისთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ:
- სიგარეტის მწარმოებელი კომპანია ჩვენი სპონსორი არ არის, სერიალში კონკრეტული ბრენდი არ ჩანს. შესაბამისად, არავითარი დაფინანსებული რეკლამა და სიგარეტის გამიზნული პროპაგანდა არ არსებობს. სერიალი რეალობას ასახავს: ზოგი პერსონაჟი სიგარეტს მოსწევს, ზოგი - ცუდ სიტყვას იტყვის, ცოლს უღალატებს, მოკვდება, გაემგზავრება... პროპაგანდის იმას ეშინია, ვინც ყველაფერში მის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას ხედავს. რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, როცა ბავშვები ტელევიზორში სიგარეტს უყურებენ, მაგრამ "ჩემი ცოლის დაქალები" საბავშვო სერიალი არ არის. მოგეხსენებათ, უცხოეთში სიგარეტის მოწევა ყველგან აკრძალულია, ჩვენთან - არა. მაგალითად, საქართველოში ბარში რომ შედიხარ, იქაურობა კვამლით გაბუღულია. შესაბამისად, როცა კონკრეტულ სცენას ვიღებთ, სიგარეტის კვამლი იმ კადრების ორგანული ნაწილია.
- რატომ გაჩნდა მოსაზრება, რომ თითქოს ის კონკრეტული კომპანია თქვენი სპონსორი იყო?
- ფილმს როცა ვიღებდით, მათ მანქანა გვათხოვეს მხოლოდ... ჩვენ კანონს ვიცავთ, კრიმინალს ხომ არ ჩავიდენთ?!
- აღნიშნული კომპანიის რეკლამირებასთან დაკავშირებით, შემოთავაზება ხომ არ გქონიათ?
- არა, თავად სიგარეტის მწარმოებელმა კომპანიამაც იცის, რომ ეს არ შეიძლება.
- როგორც აღნიშნეთ, სერიალი რეალობას ასახავს, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ეს ფსევდორეალობაა. ვისაუბროთ გარკვეულ საკითხებზე, რომელთა პროპაგანდაშიც ხალხი გადანაშაულებთ. გვიამბეთ, როგორ შეიქმნა სერიალის გეი პერსონაჟი?
- ისევე ჩვეულებრივად, როგორც - ნინა, დათო, მანანა და სერიალის სხვა პერსონაჟები. გეი რამე განსხვავებული "სახეობაა" თუ რა? ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ზოგი გეი იქნება, ზოგი - ქალი, კაცი, ბავშვი... გადავწყვიტეთ, რომ სერიალში, ოფისში 1 ადამიანი გეი ყოფილიყო.
- რომლის უფლებებიც, სერიალის სიუჟეტის მიხედვით, დაირღვა...
- ჩვენს ქვეყანაში გეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.
- შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითი გვითხრათ?
- კი. კონკრეტული მაგალითები არის: 17 მაისის მოვლენები, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობაში" შესული ყოველდღიური საჩივრები, მოზარდი გეების
პრობლემები მშობლებთან... ადამიანებს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აღიარების ეშინიათ, რადგან ხალხისგან აგრესია წამოვა.
- რადგან 17 მაისი ახსენეთ, გვითხარით - რატომ მიგაჩნიათ, რომ იმ დღეს ჰომოსექსუალების უფლებები დაირღვა?
- იმიტომ, რომ ადამიანებს სცემეს.
- მოვლენების განვითარებას თვალყურს თუ ადევნებდით, ალბათ იცით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის (რომელიც "გარყვნილების პროპაგანდის საწინააღმდეგო აქციას" მართავდა) წინააღმდეგობის მიუხედავად, ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერებმა აქციის გამართვა მაინც სცადეს. პოლიციის თანამშრომლებმა ისინი მშვიდობიანად გაარიდეს ტერიტორიას, დღის მეორე ნახევარში კი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები მაინც უკან დაბრუნდნენ. ამას რა შედეგიც მოჰყვა, უკვე ვიცით... ეს გეების უფლების დარღვევა იყო თუ - პროვოკაცია?
- შეიძლება, მე თეთრი ბოტასები მეცვას, მაგრამ თქვენ ეს არ მოგწონდეთ. იმის გამო, რომ პროვოკაციას არ წამოეგოთ, არ ჩავიცვა? თქვენ ვინ გეკითხებათ, მე რას გავაკეთებ? აქციის ჩატარებას კანონი არ მიკრძალავს.
- თქვენი აზრით, ბოტასსა და ჰომოსექსუალიზმს შორის განსხვავება არ არის?
- არანაირი. ჰომოსექსუალებს აქციის ჩატარება ეკრძალებათ?
- გარყვნილების პროპაგანდა არ იკრძალება?
- "გარყვნილება" რას ნიშნავს?
- ამ შემთხვევაში, საკუთარი სექსუალური ცხოვრების წესის აფიშირებას.
- სექსის აფიშირებას - კი. იქ ვინმეს სექსი ჰქონდა?
- სექსი - არ ვიცი, მაგრამ მსგავს აქციაზე მამრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის ტუჩებში კოცნის შემთხვევები ყოფილა...
- მერე, ეს აკრძალულია? ადამიანები ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მივიდნენ. ამ დღეს ყველა იმ ქვეყანაში აღნიშნავენ, სადაც ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, რომ ჰომოსექსუალიც ადამიანია. საზოგადოების რაღაც ნაწილს ვინ ეკითხება, რომ მიდის და მეორე ადამიანს ურტყამს? მეც ბევრი რაღაც არ მომწონს, გავიდე და ვცემო, ვინც არ მომეწონება? ჰომოსექსუალი ქართველები საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას მალავენ, ძალით მოჰყავთ ცოლები... ამას სიყალბეში ცხოვრება ჰქვია. ისინი უბედურები არიან, რა თქმა უნდა.
- არსებობენ გეები, რომლებიც აქციებს არ მართავენ, მაგრამ ისე ცხოვრობენ, როგორც სურთ...
- 17 მაისის აქციაზე გეები არ იყვნენ. ეს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე იყო და თუ მერიისგან აქციის გამართვის ნებართვა გაქვს, ხელის შეშლის უფლება არავის აქვს - არც მოქალაქეს და არც - ეკლესიას.
- ზოგადად, ჰომოსექსუალიზმი სექსუალური ურთიერთობის გარყვნილ ფორმად მიგაჩნიათ თუ არა?
- რა თქმა უნდა, არა, არავითარ შემთხვევაში! ეს სექსუალური ორიენტაციაა: ზოგი ჰეტერო იქნება, ზოგი - ბი, ზოგი - გეი... ეს ჩვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის. ჰომოსექსუალად იბადები. უბრალოდ, შეიძლება, გარემომ დაგთრგუნოს და ვერ მიხვდე, რომ ჰომოსექსუალი ხარ. 21-ე საუკუნეში ინფორმაციის მოძიების ბევრი საშუალება არსებობს. ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა ნახოს ყველაფერი, მეცნიერულ დონეზე დასაბუთებული.
- ნანახი მაქვს, მაგრამ ამ საკითხზე მეცნიერებს საერთო აზრი არა აქვთ. ზოგი ყოველ წელიწადს კიბოს წამალსაც "იგონებს".
- მათ ლიცენზია არ აქვთ, ახლა დომენტი გაგნიძეზე მელაპარაკებით?
- არა, უცხოელ მეცნიერებზე, მსოფლიოს მასშტაბით.
- არა, მსოფლიო მასშტაბით არ არსებობს ეგ...
- გასაგებია თქვენი აზრი. მაინტერესებს...
- (მაწყვეტინებს) შეიძლება თუ არა, ადამიანი ტელევიზორის გავლენით გეი გახდეს? ყოველდღე რომ გითხრათ, ჩემი ხათრით, ლესბოსელი გახდიო, გახდებით? არა, მაინტერესებს თქვენი აზრი: გახდებით ლესბოსელი? არა? სხვა ადამიანების იმედი არ გაქვთ, რომ ისინი გახდებიან?
- ადამიანზე ტელევიზიის ზეგავლენა სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში, მაინტერესებს, თქვენ სერიალის მეშვეობით თუ ახდენთ გეი პროპაგანდას? ჰომოსექსუალებს "ჩემი ცოლის დაქალებში" რაიმე ფორმით სოლიდარობას ხომ არ უცხადებთ?
- ადამიანებს, ვისაც ჩაგრავენ - ჰომოსექსუალი იქნება თუ ჰეტერო, ყველას სოლიდარობას ვუცხადებ, როგორც სცენარისტი ქეთი დევდარიანი.
- ბევრს საუბრობენ ერთ-ერთი პერსონაჟის - ხურცილავას გიტარის ფერად საკიდზე...
- ეგ საკიდი პირველი სეზონიდან უკეთია. ვიდრე 17 მაისის ამბები ატყდებოდა, მანამდე კაციშვილს არ შეუნიშნავს. გიტარაც და მისი საკიდიც ჩვენი ხმის რეჟისორს - დათო გაბუნიას ეკუთვნის.
- ანუ ბოლო დროს, გიტარის საკიდი კადრში ახლო ხედით შემთხვევით ჩნდება ხოლმე?
- ვაიმე, ეგ ცისარტყელას ფერებია, ხალხო...
- ასევე - ლგბტ საზოგადოების სიმბოლოც.
- ანუ გიტარის საკიდი რომ ჩანს, უცებ ბავშვმა არ ნახოს და გეი არ გახდეს?
- არა, გვაინტერესებს, შეგნებულად ცდილობთ თუ არა, რომ ეს საკიდი კადრში ხშირად მოხვდეს?
- მე ვცდილობ, რომ ჩემი სერიალი კარგი იყოს. ზოგადად, პროპაგანდა (თუნდაც - კარგის) ცუდია, რადგან 21-ე საუკუნეში (როცა ინფორმაციის ალტერნატიული საშუალება ყოველთვის არსებობს) არ "მუშაობს". პროპაგანდა იყო საბჭოთა კავშირში, არის ჩრდილოეთ კორეაში, ირანში... რთულია, პროპაგანდა იარაღად გამოიყენო. ზოგი ბავშვი კატოს ჰბაძავს და "ივენთმენეჯერობას" თამაშობს. შეიძლება, ვიღაცას დათოს პერსონაჟი მოსწონდეს, ვიღაცას - გეი... ეს ადამიანის ინტელექტზეა დამოკიდებული. ჩვენს სერიალს "12" აწერია - 12 წლამდე ბავშვებისთვის "ჩემი ცოლის დაქალების" ყურება რეკომენდებული არ არის. თუ მშობელს ბავშვი გაეპარება და სერიალს ჩუმად უყურებს, ეს ჩემი პრობლემა არ არის.
- რაც შეეხება მამაოების აბუჩად აგდების თემას...
- ეს სად ჩანს?
- მაგალითად, მამაომ მთვრალ ლიკუნას და ხურცილავას ჯვარი დასწერა, ფრაზა - "საკუთარი მამაო" და მისთანები...
- კი, მსგავსი ფრაზებით ლაპარაკობენ. თუ ხალხს ეს გულზე ხვდება, ე.ი. ასეა. მღვდელს მთვრალისთვის ჯვარიც დაუწერია. ხშირ შემთხვევაში, მთვრალი თვითონ მღვდელია. არ გაგიგონიათ?
- სიმართლე გითხრათ, მსგავს ფაქტს არასოდეს შევსწრებივარ და არც ვინმესგან მომისმენია, რომ ასეთი რამ რეალურად უნახავს. სერიალში იმას აღწერთ, როგორ გარემოშიც თქვენ ცხოვრობთ?
- მინახავს, მამაო რომ ფულს იღებს, მთვრალებს ჯვარს რომ სწერს, სკამით რომ გარბის, დედას რომ იგინება... არ გინახავთ? ინტერნეტში ნახეთ...
- ინტერნეტში თქვენ მიერ ნახსენები ვიდეოების 2 ვერსია არსებობს. თავს ვერ დავდებ, რომელია ნამდვილი და რომელი - დამონტაჟებული. ამიტომ ამაზე ნუ ვიკამათებთ.... რატომ ხდება, რომ ქართული ტრადიციების დამცველად სერიალში ყოველთვის "ცუდი ტიპი" გვევლინება?
- "ცუდი ტიპი" რას ნიშნავს?
- მაგალითად - ალეკო, რომელიც დედამ თინას გასაცნობად მიიყვანა...
- ის ცუდი ტიპი არ იყო, კონსერვატორი გახლდათ, თინა კი - ლიბერალი. სად ჩანს, რომ ცუდი ტიპია?
- ოჯახის შექმნის მიზნით, ზრდასრულ მამაკაცს გოგოს გასაცნობად დედა რომ წაიყვანს, ამ მამაკაცის მიმართ საზოგადოება დადებითად განეწყობა?
- ეს თქვენი აზრია. ზოგს ის მოსწონს, ზოგს - ეს... ხომ არ შეიძლება, ადამიანს ყველა თვისება დადებითი ჰქონდეს, ან ყველა - უარყოფითი? ზოგადად, ალეკო ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი მინუსებითა და პლუსებით. ის კონსერვატორია, დედას დაჰყავს... არც ის გაგიგონიათ, რომ ბიჭი დედამისს დაჰყავდეს?
- საქმეც ის არის, რომ სერიალში ქართული ტრადიციების დამცველად მაინცდამაინც ასეთი ადამიანები გვევლინებიან...
- ჩვენ უბრალოდ ის ვაჩვენეთ, რომ ალეკოს თინასნაირი გოგო ცოლად არ გაჰყვება. შეიძლება, სხვა გაჰყვეს, ვისაც გათხოვება უნდა. მე სიყალბეს, ორმაგ სტანდარტს და არათანამიმდევრობას დავცინი. დანარჩენი, დასაცინი არაფერია. დედამიწაზე არსებობის უფლება ყველანაირ ადამიანს აქვს, მთავარია, ის ჩემს თავისუფლებასა და პირად სივრცეს საფრთხეს არ უქმნიდეს.
- ბოლო დროს, "ქალიშვილობის მოწმობასთან" დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი ატყდა. სერიალში ამ თემის "შემოტანასაც" ხომ არ აპირებთ?
- სეზონი დავამთავრეთ. ამ თემის "ჩასმას" ვეღარ ვასწრებდით... მშვენიერი თემაა. ე.ი. ჯერ კიდევ განვითარების ამ ეტაპზე ვართ.
- ეს რეალობა არ არის, განვითარების ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ: "ქალიშვილობის მოწმობას" ძალიან იშვიათად თუ აიღებს ვინმე...
- ერთი შემთხვევაც რომ იყოს, ძალზე სასაცილოა. იმედია, ტრადიციად არ იქცევა, რომ ეს შემოწმება ყველამ გაიაროს.
- ამ შეკითხვისთვის წინასწარ ბოდიშს გიხდით: გავრცელდა ჭორი და ინტერნეტში ხალხიც ხშირად წერს, რომ თითქოს სერიალში, სტომატოლოგ ნათიას და დათოს ურთიერთობაში თქვენი და ირაკლი საღინაძის რომანი ასახეთ...
- მე არ გამიგონია... ზუსტად ასე დაწერეთ, რომ ორღობის ჭორებს არ ვპასუხობ.
- კარგი. ინტერვიუსთვის დიდი მადლობა.
ეთო ყორღანაშვილი
11-08-2013, 09:39 gogaggg2 სხვა...