Advertisement

Close [X]

gov.ge
gzavnili
სიძულვილი ამერიკულად
459

სიძულვილი ამერიკულად

სიძულვილი ამერიკულად, მუჰამედ ალი – ჯო ფრეზერი

მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყოფილან ისეთი მონუმენტური მასშტაბის სპორტსმენები, რომელთა პირადი დაპირისპირება სპორტის ამა თუ იმ სახეობაში კლასიკური ბრძოლის მაგალითად ქცეულა. ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ორი უდიდესი მძიმეწონოსანი მოკრივის რინგსა და რინგს მიღმა მტრობის მოყვანა შეიძლება, რომელთა გზები 1970-იან წლებში გადაიკვეთა.
ლეგენდარული მუჰამედ ალისა და ჯო ფრეზერის დაპირისპირებაზე გიამბობთ.

მედალი და კანის ფერი

1960 წელს რომის ოლიმპიურ თამაშებზე ახალგაზრდა ნიჭიერმა მოკრივემ კასიუს მარსელიუს კლეი-უმცროსმა ნახევრად მძიმე წონაში ოქროს მედალი მოიპოვა. კლეი ისე შთამბეჭდავად იბრძოდა და იმდენად ქარიზმატული იყო, რომ მასმედიამ უმალ კერპად აქცია.
და აი, მორიგ პრესკონფერენციაზე საბჭოთა ჟურნალისტმა, რომლისთვისაც სპორტიცა და ოლიმპიადაც, როგორც ყველა საბჭოელისთვის, დასავლურ სამყაროსთან იდეოლოგიური ომის “ფრონტის ხაზიც” იყო, ფერადკანიან მოკრივეს ასეთი შეკითხვა დაუსვა:
“ამხანაგო კლეი, თქვენ, ვინც ასე ასახელეთ საკუთარი სამშობლო, რას იტყვით იმაზე, რომ კანის ფერის გამო არ შეგიძლიათ ამერიკის ზოგიერთ რესტორანში შესვლა?..”

აქვე ვთქვათ, 1960-იანი წლები ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში გარდამტეხი იყო. ეს იყო სისხლით შეღებილი მძიმე პერიოდი, მაგრამ მაინც სამუდამოდ გამყოფი “მონური” წარსულისგან. ქვეყნის სამხრეთში ჯერ კიდევ მოქმედებდა “ჯიმ კროუს კანონები”, რომლებიც რასობრივ სეგრეგაციას (ფერადკანიანთა იძულებითი გამოყოფა თეთრკანიანებისგან) უშვებდა: რესტორნები, კინოთეატრები, სკოლები, ადგილები საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამიჯნული იყო მხოლოდ თეთრებისა და მხოლოდ შავებისთვის. რასისტული წესის დამრღვევი შავკანიანი შეიძლებოდა ადგილზევე, სახალხოდ, ლინჩის წესით გაესამართლებინათ…

საბჭოთა ჟურნალისტის კითხვის ქვეტექსტი გასაგები იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ კასიუს მარსელიუს კლეი-უფროსს თავისი ვაჟი კუნთმაგარ, მაგრამ უტვინო მოჩხუბრად არ გაუზრდია. ამერიკელმა მოკრივემ შეკითხვას ღირსეულად უპასუხა.

“ჩვენთან, შტატებში, მრავლადაა რესტორანი, სადაც შემიძლია შევიდე, – უპასუხა კასიუსმა, – ასეთი კი გაცილებით მეტია, ვიდრე ისეთი, სადაც ეს მეკრძალება. ამ პრობლემაზე ჭკვიანი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ჩვენთან ასევე მრავლად არიან… გაიგე ეს და კარგად დაიმახსოვრე, რუსო პროვოკატორო!”
ამ ამბიდან კარგა ხნის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ ლუისვილში ყოფნისას, კასიუსი ერთ-ერთ ბარს მიადგა, რომელსაც კარზე წარწერა ჰქონდა: “მხოლოდ თეთრებისთვის”. ოლიმპიური ჩემპიონი ბარში არ შეუშვეს.

- მაგრამ მე ხომ კასიუს კლეი ვარ?! – შესძახა მოკრივემ და თან რომში მოპოვებული ოქროს მედალი გამოაჩინა, რომელსაც ყელზე ჩამოკიდებულს მუდამ თან ატარებდა. ბარის მეპატრონემ ამრეზით მიუგო: – ფეხზე მკიდია შენი მედალი, ზანგებს არ ვემსახურები, მოუსვი აქედან!
ამბობენ, კასიუსის პატრიოტული იდეალები საბოლოოდ სწორედ მაშინ, გამოდევნებულ ბაიკერთა ბანდასთან საქმის გარჩევამ დაამსხვრია, რომლებიც ბარიდან გაბრუნებულ მოკრივეს მდინარე ოჰაიოს ხიდზე დაეწივნენ და “სამხრეთული პურისჭამის წესების” გაკვეთილის ჩატარება დაუპირეს. რა გასაკვირია, რომ მოკრივის მუშტებმა “ჭკუის მასწავლებელთა” შეხედულებები რასობრივ უპირატესობაზე გვარიანად “გააცამტვერა”, მაგრამ კლეიმ, მწარე სიმართლით შეძრწუნებულმა, ოლიმპიური ოქრო მკერდიდან მოიგლიჯა და მდინარეში გადაუძახა.

იმ დღიდან ახალგაზრდა კასიუს კლეი სრულებით შეიცვალა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პატრიოტი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო, თუმცა ამისთვის ის არა მარტინ ლუთერ კინგის პაციფისტურ გზას გაჰყვა, არამედ რადიკალურად განწყობილი მალკოლმ იქსის, ილაიჯა მუჰამედისა და მათი “ისლამის ერის” გავლენის ქვეშ მოექცა. კლეიმ ისლამი მიიღო და შეიცვალა სახელი – მუჰამედ ალი დაირქვა. ამის შესახებ მოკრივემ სამყაროს პროფესიულ რინგზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში სანი ლისტონის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ ამცნო.
ამერიკულმა საზოგადოებამ სახელის, შეხედულებისა და რწმენის შეცვლა მოკრივეს არ მოუწონა. მით უმეტეს, ექსტრემისტული იდეოლოგია “ისლამის ერი” სხვა არაფერი იყო, თუ არა “რასიზმი რასიზმის წილ”.

ვიეტნამის ომი – სხვისი ომი

რა გასაკვირია, 1967 წელს, როცა ალის ვიეტნამში საბრძოლველად გაწვევა დაუპირეს, ჩემპიონმა იუარა. მაშინ მან ლეგენდარული ფრაზა წარმოთქვა: “მე ვიეტკონგელებთან პრეტენზიები არ მაქვს. არც ერთ ვიეტკონგელს არ უწოდებია ჩემთვის ზანგი!”
ალის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმე ჯერ სააპელაციო სასამართლოში გაიწელა, შემდეგ უზენაესში. ამასობაში ამერიკაში ომისდამი დამოკიდებულება შეიცვალა, ალის კი უამრავი, განსხვავებული კანის ფერის დამცველიც გამოუჩნდა. ყველაფერი დასრულდა 1971 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც მოკრივე გაამართლა. თუმცა დიდ სპორტში დაბრუნების ნება ალის მანამდე დართეს.
და ის დაბრუნდა, რათა დაებრუნებინა ყველა ის ტიტული, რაც მისი რწმენით, სამართლიანად სწორედ მას ეკუთვნოდა.

“ბიძია თომას” კომპლექსი

ისე გამოვიდა, რომ მუჰამედ ალის მოცილე ასევე ჯანიანი მოკრივე, თუმცა უფრო მშვიდობისმოყვარე ჯო ფრეზერი აღმოჩნდა. ეს იყო არცთუ დიდად განათლებული და სიტყვა-პასუხით გამორჩეული შავკანიანი ყმაწვილი ფილადელფიიდან, რომელმაც რინგზე ალის არყოფნისას ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ფრეზერი ყველაზე ნაკლებად განასახიერებდა მუჰამედისთვის მტრად ქცეულ თეთრ ისტებლიშმენტს, თუმცა ალის შურისძიების ობიექტად სწორედ ის იქცა…

ვის არ ახსოვს ამერიკელი მწერლის, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს “ბიძია თომას ქოხი”. ამ წიგნმა ამერიკაში არა მხოლოდ თეთრკანიანებს ადინა სინანულის ცრემლი, სახელმწიფოს ისტორიაზეც იქონია გავლენა. თუმცა ამერიკელი შავკანიანებისთვის თეთრკანიანი ქალის ხელით თეთრკანიანებისთვის დაწერილი წიგნი ვერაფერი საამებელია, ბიძია თომა კი მათთვის მონობის, დაბეჩავებისა და ბოროტებისადმი ქედის მოხრის სიმბოლოა და არც სიმპათიას იწვევს. ანუ, ერთი შავკანიანი მეორეს “ბიძია თომას” თუ უწოდებს, მისთვის უფრო შეურაცხმყოფელს ვერაფერს მოიფიქრებს…

იგივე უწოდა მუჰამედ ალიმ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯო ფრეზერს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მაშინ, როცა ის, სამი წლით კრივს ჩამოშორებული, თეთრკანიანებთან შეუპოვარი წინააღმდეგობისთვის სასამართლო დარბაზებში დაიარებოდა, ფრეზერი, რომელსაც პოლიტიკა არასდროს აინტერესებდა, პრეზიდენტ ნიქსონთან მიღებებს არ აცდენდა. თუკი ალი სეგრეგაციასთან ბრძოლისას აქტიურ პოზიციას იჭერდა, ფრეზერს არაფერი ახსოვდა, გარდა კრივისა.
ერთი სიტყვით, ისინი ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა… მაგრამ ფრეზერის ხელში იყო ჩემპიონის ქამარი, რომელიც, როგორც ალი მიიჩნევდა, სამართლიანად სწორედ მას ეკუთვნოდა.

სიძულვილის შოუ

იმჟამინდელ და ყოფილ ჩემპიონს შორის შერკინება 1971 წელს მოეწყო. მას დღემდე “საუკუნის ბრძოლად” მოიხსენიებენ. თუმცა ამავე ეპითეტით შეიძლება შევამკოთ ალის სხვა ბრძოლა-შედევრებიც: “თრილერი მანილაში” და “აურზაური ჯუნგლებში”. მაგრამ ჩვენ არა ბრძოლის ესთეტიკურ მხარეზე, არამედ იმ სიძულვილზე ვსაუბრობთ, რომელიც ალიმ თვითონვე დათესა და აღმოაცენა. საამისოდ თუნდაც ფრეზერის ბიძია თომად მოხსენიება გამოდგა.
- სწორედ თეთრკანიანმა ადვოკატმა იხსნა ის ციხისგან, – იხსენებდა შემდგომ ფრეზერი, – და მე მიწოდებდა ბიძია თომას?!
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ ალი ფილადელფიაში ჩავიდა, სადაც ფრეზერი ვარჯიშობდა და სპორტდარბაზის კარზე აბრახუნა დამამცირებელი შეძახილებით. მუჰამედი ჯოს საჩხუბრად სკვერში იწვევდა, ჟურნალისტების თანდასწრებით ლანძღავდა და აბუჩად იგდებდა ჩემპიონს.
მართლა ასე სძულდა ალის ფრეზერი? ალბათ, არა. ალი ხომ შოუმენიც იყო იმავდროულად.

მოგვიანებით ფრეზერს უთქვამს: “დიდი ნაწილი იმ ყველაფრისა, რაც შერკინებას წინ უძღოდა, წინასწარ გვქონდა მოფიქრებული და შეთანხმებული. სინამდვილეში საქმე არც ისე იყო, როგორც ამას პუბლიკა ხედავდა. გახსოვთ ფოტოსურათი, სადაც ალი სპორტდარბაზის შუშის კართან დგას და მეღრიჯება? ეს სცენა დადგმული იყო… ის არშემდგარი ჩხუბიც პარკში… ჰო, მუჰამედი ყველაფერს აკეთებდა, რათა მისი სახელი გაზეთებში მოხვედრილიყო”.
ასე იყო თუ ისე, ფრეზერს ალის გამოწვევა არასდროს დავიწყებია და არც უპასუხოდ დაუტოვებია.

საუკუნის ბრძოლები

და აი, 1971 წლის 8 მარტი. არც მეტი, არც ნაკლები – საუკუნის ბრძოლა “მედისონ სკვერ გარდენში”!
ალისა და ფრეზერის პირველი შერკინება იდეოლოგიათა ბრძოლად, რასისტულ ჯიჰადადაც კი მონათლეს. არადა, შეფასებები უცნაური ჩანდა, რამდენადაც ორივე მოკრივე შავკანიანი იყო და ამასთან, ერთ-ერთს (ფრეზერს) არანაირ იდეოლოგიასთან არ ჰქონია რამე საერთო, მაგრამ აქ სწორედ მუჰამედმა ააგიზგიზა ვნებათაღელვა, რომელიც პრესამ მთელ ქვეყანას გადასდო…
…ალიმ ხომ ვიეტნამში ბრძოლაზე უარი განაცხადა! არც ფრეზერს უომია (როგორც დაოჯახებული, არ გაიწვიეს), მაგრამ ის სახელმწიფოს ერთგულებას ეფიცება! ალიმ ფრეზერს “ბიძია თომა” უწოდა!

ამერიკა ამ ბრძოლის მოლოდინით ცხოვრობდა. ქაოსმა მოიცვა რამდენიმე ქალაქი, სადაც ასპარეზობის ჩვენებას დაჰპირდნენ, მაგრამ ტრანსლაცია ვერ მოეწყო. “გარდენის” დასაცავად ნიუ-იორკის პოლიციას ისეთი მობილიზება დასჭირდა, მანამდე არც ერთ სპორტულ ღონისძიებას რომ არ ღირსებია.
რინგზე წარმოდგენილმა სანახაობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მე-15 რაუნდში ფრეზერმა ალის ნეკნებსა და ყბაში მაგრად მოსდო და მეტოქე ნოკდაუნში გაუშვა. ეს მუჰამედის პირველი მარცხი იყო რინგზე.

რინგიდან ორივე პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთხანს ხმა დაირხა, ფრეზერი ტრავმებისგან გარდაიცვალაო. მაშინ ალიმ დიდსულოვნად განაცხადა, თუკი ეს მართალია, კრივიდან წავალო.
ალისა და ფრეზერს შორის მატჩი-რევანში 1974 წელს გაიმართა. ალიმ ქულებით დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ბრძოლა ჩაწყობილი იყო…

მთავარი ფეიერვერკი წინ იყო. მომდევნო ბრძოლა 1975 წლის ოქტომბერში, მანილაში დაიგეგმა. მუჰამედი ჯოს ისევ დასცინოდა, ლანძღავდა, ახლა უკვე გორილას ეძახდა, პრესკონფერენციაზე სათამაშო მაიმუნითაც კი წარდგა.
ოღონდ ალი უკვე მსოფლიოს ჩემპიონი გახლდათ – ერთი წლით ადრე ტიტული ფორმენს დაუვიწყარ ბრძოლაში (“აურზაური ჯუნგლებში”) წაჰგლიჯა. მისი ბრძოლის ე.წ. პეპლისა და ფუტკრის ტაქტიკა მნახველს აოცებდა. ის დიდების ზენიტში იყო და ერთადერთი, რაც მის აღიარებას აკლდა, ძველი, შეურიგებელი მტრისთვის, ფრეზერისთვის ცხვირ-პირის დანაყვა იყო.

გულანთებული გახლდათ ფრეზერიც.

ორივემ ბოლომდე, ლამის სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნამდე იბრძოლა. თუკი ალი თვალგახელილი კვდებოდა, ფრეზერი, პრაქტიკულად, ბრმა იყო. ჯოს მენეჯერმა აღარ გარისკა მოკრივის სიცოცხლით და რინგზე პირსახოცი ისროლა. იმავდროულად მოუთხოვია მუჰამედს თავისი მენეჯერისთვის ხელთათმანის მოძრობა – ბრძოლის გაგრძელება აღარც მას შეეძლო.

* * *
ამ “თრილერის” შემდეგ ორი უდიდესი მოკრივის ურთიერთობა შეიცვალა. ალი აღარ აძაგებდა და აღარც დასცინოდა ფრეზერს, პირიქით, მის წინაშე ქედს იხრიდა. ძველი გამოხდომებისთვის მუჰამედმა ჯოს სახალხოდ ბოდიშიც კი მოუხადა. “ბოდიში მან გაზეთს მოუხადა, მე კი არა”, – განაცხადა ჯომ.
…ჯო ფრეზერი 2011 წლის 7 ნოემბერს, ღვიძლის კიბოთი, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“ის ჩემი მეგობარი იყო”, – თქვა მუჰამედ ალიმ, რომელსაც 17 ინვარს 70 წელი შეუსრულდა. თვით ალი, კარგა ხანია, პარკინსონის მძიმე სენს ებრძვის.

ავტორი: გიგა ზოიძე
25-05-2013, 13:06 Grinch სხვა...