ყველაზე ლამაზი გოგო

დამატებითი ინფორმაცია
  • ნახვები: 1564
  • ავტორი: gogatvzura
  • თარიღი: 12-05-2013, 16:39
ყველაზე ლამაზი გოგო
კასი, თავის ოთხ დასთან შედარებით, ყველაზე უმცროსი და ყველაზე ლამაზი იყო.

საერთოდ, კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. ნახევრად ინდიელს გასაოცარი, გველივით მოქნილი, მხურვალე ტანი და ეშხიანი თვალები ჰქონდა. კასი იყო ცვალებადი, გიზგიზა ცეცხლი; სული - ანაზდად დატყვევებული - რომელსაც სხეული ვეღარ იოკებდა. გრაციოზულ ტანს უმშვენებდა გრძელი, გიშრისფერი აბრეშუმის თმები. უცნაური ხასიათი ჰქონდა, ან ძალიან მხიარული იყო, ან ძალიან მოწყენილი. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა. ხმები დადიოდა, გიჟიაო.

ამ აზრს ყეყეჩები ავრცელებდნენ. ყეყეჩებს არ ესმოდათ კასის ყადრი. მამაკაცები მასში სექსის წყაროს ხედავდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ, გიჟი იყო თუ ჭკვიანი. ის კი ცეკვავდა, ფლირტაობდა, კოცნაობდა, მაგრამ საქმე როგორც კი სექსზე მივიდოდა, ერთი-ორი შემთხვევის გარდა, ყოველთვის ახერხებდა გასხლტომას და გაქცევას.
დები ამბობდნენ, აბეზარა და ტუტუცი გოგოა, სილამაზეს ბოროტად იყენებსო, მაგრამ კასი ხასიათითაც ნორმალური იყო. ხატავდა საღებავებით, ცეკვავდა, მღეროდა, ძერწავდა თიხის ფიგურებს, უთანაგრძნობდა ფიზიკურად და სულიერად გაჭირვებულ ადამიანებს. უბრალოდ სხვანაირი, არაპრაქტიკული ჭკუა ჰქონდა. დები იმიტომ ქიშპობდნენ, რომ ის მათ ხელიდან აცლიდა კაცებს და თან ეს ამბავი ფეხებზე ეკიდა, უშნო მამაკაცები მოსწონდა, ეგრეთ წოდებულ ლამაზ მამაკაცებს კი დასანახად ვერ იტანდა.
-რაც არ არი, არ არიო, - ამბობდა იგი.

- მაგათ სიცოცხლე ეზარებათ. თავს კი იწონებენ კოხტა ბიბილოებითა და კარგად დაფარული ნესტოებით... მაგრამ რად გინდა, ეს ხომ მარტო ფასადია. შიგნით სიცარიელეა. ჯიგარი აქვთ ამოცლილი.
მისი ზნე სიგიჟეს უახლოვდებოდა. მის ზნეს ბევრი სიგიჟედ მიიჩნევდა.
მამამისი სასმელმა მოკლა, დედა ვიღაცას გაეკიდა და შვილები ბედის ანაბარა მიატოვა.

ისინი ნათესავმა შეიფარა, რომელმაც მზრუნველობა იმით გამოხატა, რომ ბავშვებს მონასტერში უკრა თავი. მონასტერი არ აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც მათ ელოდნენ. კასს განსაკუთრებით გაუჭირდა. შურიანი გოგონები მოსვენებას არ აძლევდნენ, წარამარა ჩხუბში იწვევდნენ. ჩხუბი იყო სასტიკი და დაუნდობელი. კასს მთელი მარცხენა მკლავი სამართებლით ჰქონდა დასერილი. მარცხენა ლოყაზეც ეტყობოდა ნაიარევი, რომელიც ძალიან უხდებოდა.
მონასტრიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო, კაფე-ბარ \\\"უესტ ენდში\\\" რომ გავიცანი.

ის, როგორც დებში უმცროსი, ყველაზე ბოლოს გამოეშვათ. შემოვიდა და ვითომც არაფერი, გვერდით მომიჯდა. ჩემზე მახინჯი მამაკაცი ქალაქში არ მეგულებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ამბავი თურმე ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს.
- დალევ? - ვკითხე.
- რატომაც არა?!
ვერ ვიტყვი, რომ იმ საღამოს რაღაც განსაკუთრებული საუბარი გამოგვივიდა. მთელი მუღამი იმაში იყო, თუ როგორ იქცეოდა კასი. უბრალოდ, ამომირჩია. ეტყობოდა, რომ ალკოჰოლი უყვარდა, ბლომად სვა. სრულწლოვანს არ ჰგავდა, მაგრამ ბარმენი სპირტიან სასმელს მაინც აძლევდა.

რა ვიცი, იქნებ ყალბი პასპორტიც ჰქონდა. სიამაყეს ვგრძნობდი, როცა ტუალეტიდან გამოვიდოდა და მაგიდისკენ გამოეშურებოდა. ასეთი ლამაზი გოგო ქალაქში კი არა, ცხოვრებაში არ მენახა. პირველად წელზე მოვხვიე ხელი და ვაკოცე.
- შენი აზრით, ლამაზი ვარ? - მკითხა.
- რა თქმა უნდა. მაგრამ კიდევ სხვა რამეა... სილამაზის გარდა სხვა რაღაც...
- იცი, რას გეტყვი? სილამაზეს ყველა დანაშაულად მითვლის. ნუთუ მართლა ასეთი ლამაზი ვარ?
- \\\"ლამაზი\\\" ის სიტყვა არ არის.

ბოლომდე ვერ გამოხატავს შენს მშვენიერებას.
ხელჩანთა გახსნა და ფათური დაიწყო. მეგონა ცხვირსახოცს ეძებდა, მაგრამ მოულოდნელად ქუდის გრძელი ქინძისთავი ამოაძვრინა და სანამ აზრზე მოვიდოდი, ცხვირში გაიყარა განივად, ნესტოებს ზემოთ. კინაღამ გული ამერია. შემომხედა და ხარხარი აუტყდა.
- კიდევ ლამაზი ვარ? ახლა რაღას იტყვი, ჰა, ჯიგარო?
ქინძისთავი გამოვაძრე და ცხვირსახოცი მივაშველე, რომ სისხლი შემეჩერებინა. ამ სანახაობას ბარმენის გარდა კიდევ რამდენიმე კაცი ადევნებდა თვალს. ბარმენი მაგიდასთან მიიჭრა და კასი დატუქსა:
- აბა, აბა, ეგეთები არ იყოს, მაგ გიჟაობას თავი დაანებე, თორემ მიგაბრძანებთ, სადაც საჭიროა.
- ფეხები არ მომჭამო, ბიჭო! - მიუგო კასმა.
- მიხედეთ ამ გოგოს, - მითხრა ბარმენმა.
- ყველაფერი რიგზე იქნება, - ვუპასუხე.
- ცხვირი ჩემია, - თქვა კასმა, - რასაც მინდა, იმას ვუზამ.
- არა, - ვუთხარი, - მტკივა.
- რას ამბობ, შენ გტკივა ცხვირი, როცა მე ჩემ ცხვირში ვიყრი ქინძისთავს?
- დიახ.
- კაი, მეტს აღარ ვიზამ. არ გეწყინოს!
ცხვირსახოცი ცხვირიდან არ მოუცილებია, ისე გადმოიხარა და მაკოცა.

ბარი რომ დაიკეტა, ჩემთან წავედით. ლუდი მქონდა. დავსხედით. ვისაუბრეთ. პირველად მაშინ მივხვდი, თუ რა კეთილ და მზრუნველ ადამიანთან მქონდა საქმე. გული ბოლომდე გამიხსნა და გადამიშალა, მაგრამ დროდადრო მაინც წამოუვლიდა ხოლმე, ველურივით ატყდებოდა და უცებ დაწყნარდებოდა. შიზოფრენი იყო.

ლამაზი შიზოფრენი. ვგრძნობდი, ადრე თუ გვიან რაღაცის ან ვიღაცის ლუკმა გახდებოდა, ოღონდ ეს \\\"ვიღაც\\\" მე არ ვიქნებოდი. დავწექით. შუქი ჩავაქრე. მან მკითხა:
- როდის გინდა, ახლავე თუ დილით?
- დილით, - ვუპასუხე და გვერდზე გადავბრუნდი.
დილით ავდექი, ყავა მოვადუღე და ლოგინში მივართვი. გაიცინა:
- ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვინც ღამით უარი მითხრა.
- მოგცლია. საერთოდ რა აუცილებელია!
- რას ამბობ, მინდა.

თუმცა, მოიცა, ჯერ შხაპს გადავივლებ.
სააბაზანოში შევიდა და მალე გამოვიდა. გადასარევი იყო, გრძელი, შავი თმები უბრწყინავდა, თვალები და ტუჩებიც უბრწყინავდა, სულ მთლად ბრწყინავდა... ისე მშვიდად და აუჩქარებლად შიშვლდებოდა, გეგონებოდა, საჩუქარს ხსნისო. ლოგინში სწრაფად ჩამიგორდა:
- აბა, შენ იცი, ჩემო რაინდო.
მკლავებში მოვიმწყვდიე. თითქოს გამიძალიანდა, მაგრამ კოცნაზე უარს არ ამბობდა. ვეფერებოდი ტანზე, თმებზე. შევედი.

ცხელი და მკვრივი იყო. არ ვჩქარობდი, ბიძგებს ნელ-ნელა ვაკეთებდი, რომ სიამოვნება გამეხანგრძლივებინა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
- რა გქვია? - ვკითხე.
- რა მნიშვნელობა აქვს? - მომიგო.
გამეცინა. მოვრჩით. ჩავიცვით და ისევ ბართან გავიყვანე, მაგრამ მივხვდი, ეგრე ადვილად ვეღარ შეველეოდი. უმუშევარი ვიყავი და რა მენაღვლებოდა, ორ საათამდე ვიძინე. მერე ავდექი და გაზეთს გადავხედე.

შხაპს ვივლებდი, კარი რომ შემოაღო, ხელში სპილოსყურას ფართო ფოთოლი ეჭირა.
- ვიცოდი, აბაზანაში იქნებოდი და, როგორც ბუნების შვილს, აი, ეს წამოგიღე, მაგას კარგად დაგიფარავს, - მითხრა და ფოთოლი გადმომიგდო.
- საიდან იცოდი, რომ აბაზანაში ვიქნებოდი?
- ვიცოდი.
თითქმის ყოველდღე მოდიოდა და არც ერთხელ არ შემცდარა, ყოველთვის აბაზანაში ვხვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ არავითარ გრაფიკს არ ვიცავდი.

სპილოსყურა ყოველთვის მოჰქონდა. მერე სექსზე გადავდიოდით. ყოფილა შემთხვევა, ღამით დაურეკავს, მოდი, მიშველეო. წავსულვარ და ციხიდან თავდებით გამომიყვანია. პოლიცია არ სწყალობდა მუდმივი სიმთვრალისა და აყალმაყალის გამო.
- ეს ძაღლისშვილები, - იტყოდა ხოლმე თავის ამფსონებზე, - ერთ სირჩას დაგიდგამენ და მერე პირდაპირ უბეში გიძვრებიან.
- ისინი კი არა, შენ მიძვრები პირდაპირ აყალმაყალში, როცა თითო ჭიქას გახუხინებენ.
- მეგონა, მაგათ მე ვაინტერესებდი და არა ჩემი სხეული.
- მე კი შენც მაინტერესებ და შენი სხეულიც, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ იმ ბიჭებს სხეულის გარდა შენში სხვა რამეც აინტერესებდეთ.
ქალაქიდან ექვსი თვით წავედი, ვიხეტიალე, ვიცოდვილე და ისევ დავბრუნდი. კასი არ დამვიწყებია, მაგრამ რაღაცაზე ვემდუროდით ერთმანეთს და თანაც, მართალი გითხრათ, გული აღარ მიმიწევდა.

მეგონა, ქალაქში არ დამხვდებოდა, ის კი, ვითომც აქ არაფერიაო, ისევ \\\"უესტ ენდში\\\" გამომეცხადა! ნახევარი საათის დამჯდარი ვიყავი, რომ შემოვიდა და გვერდით დამისკუპდა.
- ამას ვის ხედავს ჩემი თვალები!.. როდის ჩამოხვედი, შე ნამუსგარეცხილო?
მისთვის სირჩა შევუკვეთე. შევხედე. მაღალსაყელოიანი კაბა ეცვა. ასეთი არასოდეს სცმია. ორივე თვალის უპეებს ქვემოთ შუშისთავიანი ქინძისთავები ჰქონდა გაყრილი. ქინძისთავები კანქვეშ ბოლომდე იყო შესული და მხოლოდ თავები მოჩანდა.
- შენ რაღა მოგივიდა, აღარ შეეშვები თავის დამახინჯებას?
- რას ამბობ, შე სულელო, მოდაა.
- შერეკილი ხარ.
- მომენატრე.
- სხვა ვინმე გყავს? - ვკითხე.
- არავინ.

მარტო შენ. ფულზე ვმუშაობ. ათ ბაქსად. შენ უფასოდ მოგცემ.
- გამოიძრე ეგ, ქინძისთავებია თუ რაღაც ჯანდაბა.
- არა, ესე უფრო მიხდება.
- გულს მირევს.
- მართლა მეუბნები?
- ჰო, მართლა გეუბნები, აღარ დამანახო!
მშვიდად გამოიძრო ქინძისთავები და ჩანთაში შეინახა.
- ეგრე აგდებულად რატომ ეპყრობი შენს სილამაზეს, რატომ არ გინდა შეინარჩუნო ის, რაც ღმერთმა მოგცა? - ვკითხე.
- იმიტომ, რომ ადამიანებს ჰგონიათ, ყველაფერი მხოლოდ ეს არის, რაც მაქვს. სილამაზე სისულელეა. წავა და გაქრება. შენ არც კი იცი, რა ბედნიერი ხარ, მახინჯად რომ გაჩნდი.

თუ ადამიანებს მოსწონხარ, ესე იგი, ხვდები, ლამაზი თვალებისთვის არ გამოგარჩიეს.
- კმარა, გასაგებია, - ვუთხარი, - მე გამიმართლა.
- იმის თქმა კი არ მინდა, რომ შენ მახინჯი ხარ. პირიქით, მე რომ მკითხო, საკმაოდ მომხიბლავი გარეგნობა გაქვს.
- გმადლობ.
თითოც დავლიეთ.
- შენ რაღას აკეთებ, რას საქმიანობ? - მკითხა.
- არაფერს. არაფერი გამომდის. ხალისიც არ მაქვს.
- არც მე. ქალი მაინც იყო - იმუშავებდი.
- ვერ ავიტანდი მჭიდრო კონტაქტებს ათასი ჯურის უცნობებთან. დავიღლებოდი.
- მართალი ხარ, დაიღლებოდი. საერთოდ, ყველაფერი დამღლელია.
ბარიდან ერთად გამოვედით.

ქუჩაში გამვლელები ისევ ისე აყოლებდნენ თვალს. კასი ისევ ის ლამაზი ქალი იყო, შეიძლება უფრო ლამაზი, ვიდრე უწინ.
შინ მივედით, ღვინო გავხსენი და ჩამოვსხედით. მასთან საუბარი ყოველთვის მეადვილებოდა. ჯერ ის დაიწყებდა ლაპარაკს და მე ვუსმენდი, მერე, რომ გაჩერდებოდა, მე ავქაქანდებოდი. ერთი სიტყვით, იმ საღამოსაც ტკბილად ვიჭუკჭუკეთ. გვეგონა, საიდუმლოებებს ვხსნიდით. საინტერესო ამბავზე ისე გულიანად იცინოდა, როგორც მარტო მას შეეძლო - მთელი არსებით, თითქოს ცეცხლს ეთამაშებაო.

საუბარმა ისე შეგვიყოლია, ვერც კი მივხვდით, კოცნაზე როდის გადავედით. გახდა დავიწყეთ. მაღალსაყელოიანი კაბა რომ გაიძრო, ყელზე საკმაოდ მახინჯი, არათანაბარი, გრძელი და ფართო ნაიარევი გამოუჩნდა.
- ჯანდაბას შენი თავი, ეს რა გიქნია, - ვუთხარი და ლოგინში ჩავწექი. ის ფეხზე იდგა. საკოცნელად მოვიზიდე. ხელი მკრა და გადაიკისკისა.
- ზოგჯერ კაცები წინასწარ მიხდიან ათდოლარიანს, მაგრამ გავიხდი თუ არა, ეგრევე ეკარგებათ სურვილი. მუქთა ათიანი მრჩება.

სასაცილოა, არა?!
- ჰო, - მივუგე, - სიცილით ვკვდები... კას, მიყვარხარ, შე ძუკნა, თავი დაანებე საკუთარი სხეულის წვალებას, ხომ იცი, შენისთანა ქალი აქ მეორე არ დადის.
ჩავიხუტე. უხმოდ ტიროდა. მისი ცრემლების სისველეს ვგრძნობდი. გრძელი შავი თმები ზურგზე სიკვდილის დროშასავით დაეფინა. დავიწყეთ ნელი, პირქუში, საუცხოო სექსი.
დილით კასმა საუზმის მომზადება დაიწყო. მშვიდი და ბედნიერი ჩანდა.

ღიღინებდა, მე კი ვიწექი და ვტკბებოდი მისი ბედნიერებით. მოვიდა და შემაჯანჯღარა.
- ადექი, შე არამზადავ. ცივი შხაპი გადაივლე, დაიბანე პირი და ჭუჭუ. ჭამის დროა!
იმ დღეს პლაჟზე გავიყვანე. ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ზაფხულის ამინდები ჯერ არ დამდგარიყო, ამიტომ ყველაფერი გენიალურად იყო მიტოვებული. პლაჟის დაძონძილ მაწანწალებს ქვიშის პირას, გაზონებზე ეძინათ.

დანარჩენები ქვის სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და წრეში ბოთლს ატრიალებდნენ. უტვინო თოლიები გარშემო ჭყივილით დაფრინავდნენ. იქვე სამოცდაათი-ოთხმოცი წლის დედაბრებს მოეყარათ თავი და იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ გაეყიდათ თავიანთი უძრავი ქონება, რომელიც გაძლების სისულელისგან ნაადრევად გარდაცვლილ ქმრებს დაეტოვებინათ. ირგვლივ ყველაფერი უდრტვინველობით სუნთქავდა. დავსეირნობდით და ხმის ამოღება აღარ გვინდოდა. ერთად ვიყავით, მეტი რა უნდა ყოფილიყო. ვიყიდე ბუტერბროდები, ჩიპსები, სასმელი, ჩამოვსხედით ქვიშაზე და დავნაყრდით.

მერე კასს ხელი გადავხვიე და ორივეს ჩაგვთვლიმა. თითქმის ერთი საათი გვეძინა. თავს დავდებ, თუ ეს სექსზე უკეთესი არ ყოფილიყო. მშვიდად მივუყვებოდით დინებას... კვლავ შინ დავბრუნდით, ვახშამი მოვამზადე. ნავახშმევზე შევთავაზე, ჩემთან იცხოვრე-მეთქი. მიყურა, მიყურა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მშვიდად მითხრა:
- არა.
წავიყვანე ბარში, დავალევინე ერთი სირჩა და შინ დავბრუნდი.

მეორე დღეს ფაბრიკაში მოვეწყე მფუთავად, მთელი ერთი კვირა მოუცლელი ვიყავი. ისე ვიღლებოდი, შინიდან გასვლის თავი აღარ მქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პარასკევ საღამოს მაინც მოვახერხე და \\\"უესტ ენდში\\\" შევიარე. დავჯექი. ვიცოდი, კასი აუცილებლად მოვიდოდა. ლოდინში კარგა ხანმა გაიარა. არ ჩანდა. ეტყობა, ბარმენს შევეცოდე, მოვიდა და მითხრა:
- ძალიან ვწუხვარ თქვენი მეგობრის გამო.
- რა მოხდა? - ვკითხე.
- ბოდიში, ნუთუ არაფერი გსმენიათ?
- არაფერი.
- თავი მოიკლა.

გუშინ დაასაფლავეს.
- დაასაფლავეს? - გავიმეორე. - როგორ გეკადრება, ის სადაცაა მოვა.
- დებმა დაკრძალეს.
- თავი მოიკლა? როგორ? აღარ იტყვი?
- ყელი გამოიჭრა.
- გასაგებია. ერთიც დამისხი.
ვიჯექი და ვსვამდი, სანამ ბარს დაკეტავდნენ. ხუთი დიდან კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში.

როგორღაც მივაღწიე სახლამდე. ფიქრები ჭიანჭველებივით მესეოდნენ. მისი \\\"არა\\\" უსიტყვოდ არ უნდა მიმეღო, ყველა ღონე უნდა მეხმარა, რომ ჩემთან დამეტოვებინა.

ეტყობოდა, მისთვის სულერთი არ იყო. ჩემი ბრალია, მეტისმეტად ცივად, უცერემონიოდ და უგერგილოდ შევთავაზე. ვიმსახურებდი სიკვდილს, რომელიც ორივესთვის საერთო იქნებოდა. ძაღლი ვიყავი. თუმცა რას ვერჩი ძაღლს! ავდექი, მოვძებნე ღვინის ბოთლი, გავხსენი და პირდაპირ ყელში ჩავიცალე. დაიღუპა კასი - ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში. ოცი წლის კასი.
ქუჩიდან მოისმოდა მანქანის სიგნალი - გამკივანი და ჯიუტი.

ბოთლი დავდგი და დავიღრიალე:
- ჯანდაბა შენ თავს, შე ახვარო, ხმა ჩაიწყვიტე!
ღამე თავის უფლებებში შედიოდა, არაფრის თავი აღარ მქონდა.
საიტზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობას იღებს ავტორი! ჩვენგან მასალების დაკოპირების შემთხვევაში აუცილებელია მიეთითოს წყარო: GOGAGGG.com