მოინახულეთ ჩვენი გენერალური სპონსორი

ეკო ფანგანი:
561

ეკო ფანგანი: "ბექა ჩხაიძეს თუ ჩემს მაგარ მძღოლობაში ეჭვი შეეპარება, მასაც შევეჯიბრები!"

მოდელი და ტელესახე ეკო ფანგანი კარგ მძღოლად არის ცნობილი. როგორც თავად გვითხრა, მანქანის სიყვარული ფანგანებს გენეტიკაში აქვთ. მართვა სრულიად დამოუკიდებლად ისწავლა. მამაკაცები ავტომობილით შეჯიბრში ხშირად იწვევენ და ისიც, თუ ხასიათზეა, უკან არ იხევს. ამბობს, რომ არასოდეს მარცხდება.
– ეკო, ბევრისგან მსმენია, რომ კარგი მძღოლი ხართ. ამბობენ, მანქანას კაცივით მართავსო.
– მამაკაცები ჩემზე რომ ამბობენ, მანქანას კაცივით მართავსო, "სარკის" საშუალებით გავიგე. ვინც ეს თქვა, ყველას დიდ მადლობას ვუხდი, მათ შორის – ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას, რომელიც მამაჩემის მეგობარია. სავარაუდოდ, ქუჩაში შემნიშნავდა, სადმე ჩავუქროლებდი. მიუხედავად იმისა, რომ ამბიციური ადამიანი არ ვარ, მამაკაცების ამ შეფასებას ვეთანხმები. უკან ან გვერდით ვინმე თუ ნერვებს მიშლის, ვიცი, რომ საჭესთან გაპრანჭულ ქალს დავინახავ. რომ მიხვდე, საჭესთან ქალია თუ კაცი, შინაგანად "ავტომობილისტი" უნდა იყო.
– ანუ თქვენ ხართ ავტომობილისტი?
– მგონია, რომ კი. მანქანა ბავშვობიდან მიყვარს. მამაჩემი ხუმრობს, "ავტომობილისტების" ოჯახი ვართო.
– ვინ გასწავლათ მანქანის მართვა?
– სრულიად დამოუკიდებლად ვისწავლე. გოგონებს ხომ ძირითადად მასწავლებლები ასწავლიან, ბიჭები კი თვითონვე სწავლობენ, ჰოდა, მეც ბიჭივით დავჯექი მანქანაზე და ტარებაც ვისწავლე. ჩემი მეგობრის "09"–ის საჭესთან დავჯექი და აგარაკზე ვიარე. ერთ დღესაც ძალიან დამჭირდა მანქანა, მეგობარს დავურეკე, მისგან ავტომობილი ვითხოვე და მთელი ქალაქი შემოვიარე.
– მიუხედავად ასეთი თანდაყოლილი ნიჭისა, თავიდან სირთულეებსაც წააწყდებოდით.
– პირველი ავტომობილი, "ბეემვე", ახალი ნაყიდი მყავდა, როცა საქართველოში პატრული გაჩნდა. პატრულის მანქანა დამეჯახა, თუმცა რატომღაც ისე მოხდა, რომ მე დამადანაშაულეს, თითქოს მე დავეჯახე. მათი მანქანის გაკეთებაც მომიწია, მაგრამ საბოლოოდ ძალიან დავმეგობრდით და ის პატრული დღესდღეობით ჩემი უახლოესი მეგობარია.
– ახლა პატრული ხშირად გაჩერებთ?
– საქართველოს პატრული ჩემი ფულით იკვებება! რა თქმა უნდა, მოძრაობის წესებს ვარღვევ კიდეც, მაგრამ რამდენ ჯარიმასაც ვიღებ, იმდენი არ მეკუთვნის. ჯარიმის გადახდა ხშირად დამვიწყებია, რის გამოც 10 ლარის ნაცვლად 150 გადამიხდია. მას შემდეგ, რაც მოძრაობის წესები გამკაცრდა, სიჩქარის გადაჭარბებაზე 100 ლარიანი ჯარიმა უკვე მივიღე. ახლა ვცდილობ, სიჩქარე ვაკონტროლო.
ერთხელ მეგობართან ერთად ბათუმიდან თბილისში მოვდიოდი, ძალიან მეჩქარებოდა. ჩემი მეგობარი მთელ თბილისში რეკავდა, ეკოს ისე მოვყავარ, პატრულები სირენებით უკან მოგვყვებიანო. ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო რამდენჯერმე გამაჩერეს. ვინც იმჩნევს, რომ ეკო ვარ, ის არ მაჯარიმებს, მაგრამ ჩემი ცნობადობით მაინც არასდროს ვსარგებლობ. რადგან ტელეეკრანზე ორჯერ გამოვჩნდი, მოძრაობის წესები უნდა დავარღვიო და ვიხულიგნო?! ჯორჯ მაიკლი, მაიკლ ჯექსონი და ნაომი კემბელი ხან რის გამო ისხდნენ ციხეში და ხან – რის გამო. ჩვენთან კი ხალხს რატომღაც ამბიციები აწუხებთ, ქუჩაში თუ ორი ადამიანი იცნობს, ჰგონიათ, რომ ყველაფერი ეპატიებათ.
– თბილისურ მოძრაობაზე რა აზრის ხართ?
– ფართო ქუჩებზე ხომ სამი რიგია და მძღოლს რომ წყვეტილი ხაზი მანქანის შუაში აქვს მოქცეული, გამოდის, მართვა მართლა არ იცის. ბოლო პერიოდში საცობები დიდ დისკომფორტს მიქმნის. კარგია, ახალი გზები რომ გაკეთდა, დღე და ღამე მის გამკეთებელს ვლოცავ. ავარიულ სიტუაციებს ძირითადად ქალები ქმნიან და არა – კაცები. საჭესთან ზომბი ვხდები, ყველას ვეჩხუბები, მაგრამ ქალებს – არა. ფეხით მოსიარულე ქალს გზას ყოველთვის ვუთმობ. ქალი, რომელიც ავტომობილს კარგად მართავს, სხვა ქალებთან პრივილეგიით არ უნდა სარგებლობდეს. ქალმა საჭესთან რაც უნდა ჩაიდინოს, ვცდილობ, ლმობიერად მოვეკიდო, რასაც კაცებზე ვერ ვიტყვი.
– კაცი მძღოლების მიმართ აგრესიას გამოხატავთ?
– გვერდით მივუჩერებ მანქანას და პირდაპირ ვეტყვი, ეგ სარკეები რისთვის გაქვს, თუ არ ჩაიხედები ან მართვის მოწმობა ვინ მოგცა–მეთქი. ყოფილა შემთხვევა, როცა კაც მძღოლს საშინელება ჩაუდენია. თუ დაუსიგნალებ და საჭესთან გოგოს დაინახავენ, ყვირიან, მართვა რა იციო. ასეთ დროს, გაბრაზებულ გულზე, კაც მძღოლებს შეჯიბრში ვიწვევ.
სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ძალიან ცუდად დადიან, ქალის მიმართ არანაირი პატივისცემა არ გააჩნიათ, ხელებს ისე იქნევენ, არ მინდა, ვიფიქრო, რომ ცუდი სიტყვებით მამკობენ. არც ამ შემთხვევაში დამზარებია სამარშრუტო ტაქსზე გაკიდება. ერთხელ დავეწიე, ფანჯარა ჩავწიე და მძღოლს სოფლის ქალივით მივაწყევლე, თუ ჩემზე რამე ცუდი თქვი, ყველაფერი შენ და შენს ოჯახს დაგიბრუნდეთ–მეთქი.
– მამაკაცები ხშირად გიწვევენ შეჯიბრში?
– ახლა – არა, მაგრამ, როცა "ბეემვე" მყავდა, ვიღაცეები შეჯიბრში ხშირად მიწვევდნენ. მეც ძალიან აზარტული და ექსტრიმის მოყვარული ვარ და ხანდახან შეიძლება ასეთებს ავყვე კიდეც, მაგრამ ასეთი შემთხვევა სულ 2–3 მახსენდება. ჩემს მანქანას ძალიან დიდი ძრავი აქვს და ვიცი, რომ შანსი არ აქვთ, გამისწრონ. თუ ხასიათზე ვარ, გამოწვევას ვიღებ, ოღონდ ისე არა, მთელი დღე მანქანით ვირბინო. რამდენიმე მეტრს გავყვები და მივახვედრებ, რომ ჩემთან შეჯიბრება არ ღირს.
– რა მარკის ავტომობილს ატარებთ?
– უკვე რამდენიმე წელია, რაც "აუდი ა 4" მყავს. ოთხივე თვალი წამყვანია. როცა ძალიან თოვს და მანქანები სახლში შეჰყავთ, მე გამოვდივარ და ვმანევრირებ. თან მინდა, გამოვცვალო, თან –არა, რომ არ ვაწყენინო. მანქანა პირველივე დღიდან უნდა შეიყვარო. კაცებისგან არ გსმენიათ, მანქანა ცოლივითააო? ვფიქრობ, რომ ავტომობილი ბევრი ქალისთვის ქმარზე საყვარელია. მანქანა რომ მიდის, ხმებს ვუსმენ და ამის მიხედვით ვხვდები, მას რა აწუხებს.
პატარა მანქანა არ მიხდება. ავტომობილი ქალის ხასიათს, ვიზუალს და თმის ფერს უნდა უხდებოდეს, როგორც ჩემი მანქანა მიხდება მე.
– ალბათ ნაწილებშიც კარგად ერკვევით.
– საკმაოდ. პროფილაქტიკაში დიაგნოსტიკის ფულს არასოდეს მართმევენ, რადგან როცა მივდივარ, ზუსტად ვეუბნები, მანქანას რა სჭირს. ერთხელ "აუდის" ცენტრში მივედი და ვუთხარი, ჩემს მანქანას "ბაბინა" დაეწვა და გაკეთება მინდა–მეთქი. ხელოსნებმა გაკვირვებულებმა შემომხედეს, თან ეცინებოდათ და ცოტა "პროფესორობდნენ", ამ მანქანას 4 "ბაბინა" აქვსო. ვუპასუხე, 6 აქვს და ერთ–ერთი დამწვარია–მეთქი. გახსნეს მანქანა და ნახეს, რომ ნამდვილად 6 "ბაბინა" ჰქონდა და აქედან მე–5 დამწვარი იყო. "ბაბინა" გახლავთ ნაწილი, რომელსაც ძრავში დენი გადააქვს.
– თვითონაც შეგიკეთებიათ მანქანა?
– ზეთი გამომიცვლია, მაგრამ საბურავის გამოცვლა არ მიცდია. პრინციპი კი ვიცი – ავწევ, მოვხსნი და გამოვცვლი. ერთხელ საჭეს ვატრიალებდი და რაღაც ხმას გამოსცემდა, მივხვდი, რომ "რულავოი კალონკას" სითხე აკლდა. თან გამოპრანჭული ვიყავი, სადღაც მივდიოდი. ძლივს დავდიოდი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. უცბათ ასფალტზე რაღაც დავაფინე, მუხლებზე დავდექი და მანქანას ქვეშ შევხედე. ზეთი გასდიოდა და ჩავასხი, რა პრობლემა იყო! ზამთარში ანტიფრიზსაც მე ვასხამ.
– მამა როგორ აფასებს თქვენს უნარებს საჭესთან?
– მამაჩემი თვლის, რომ კარგი მძღოლობა გენეტიკაში გვაქვს. სვანობა მაინც თავისას შვრება. შინაგანად ექსტრემალი ტიპი ვარ. პატარა თვითმფრინავიც ვმართე. გადასარევი შეგრძნებაა – ცოტა ადრენალინი და აჩქარებული გული.
– ყოფილი შეყვარებული, ბექა ჩხაიძე, როგორ გაფასებთ, როგორც მძღოლს?
– რა უფლებით უნდა შემაფასოს, როგორც ცუდი მძღოლი?! თუ ჩემს მაგარ მძღოლობაში ეჭვი შეეპარება, მასაც შევეჯიბრები! სიმართლე გითხრათ, ბექას საჭესთან შენიშვნები ნაკლებად მოუცია.
– თქვენი ავტომობილის სალონს გულმოდგინედ უვლით?
– ხან მოვლილია, ხან – არა. საბარგულში ორი წყვილი ფეხსაცმელი, სამი ხელი ტანსაცმელი, საცურაო კოსტიუმი და პირსახოცი გამუდმებით მაქვს. ცხოვრება ისეთი რამაა, არ იცი, სად მოგიწევს წასვლა. მანქანაში სამგზავრო ჩანთა სულ მიდევს, სადაც პატარა კბილის ჯაგრისი, შამპუნი და სხვა პირადი ნივთები მიწყვია.
26-09-2013, 09:51 gogaggg2 სხვა...